კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და საქართველოს 2
ისტორიული კუთხის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. 2021 წლიდან ატარებს
UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს. ქართულ ამაზონად
წოდებული, კოლხეთის ეროვნული პარკი, წელიწადის სხვადასხვა დროს სრულიად
უნიკალურ და განსხვავებულ სანახაობას გპირდებათ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ
ათეულობით მილიონი წლის წინანდელი კოლხური ტყეებისა და ჭაობების სილამაზით,
დააკვირდეთ წყლის ფრინველებს და მტაცებელი ფრინველების გადაფრენას,
ისიამოვნოთ დუმფარების ყვავილობით და კოლხური სუროთი და ლიანებით
გადახლართული ამწვანებული ტყეებით.

კოლხეთის ეროვნული პარკი გლობალური გამყინვარების დროინდელ რეფუგიუმს და მრავალი რელიქტური სახეობის თავშესაფარია, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში რამდენიმე მილიონი წლის წინ და გამყინვარების ეპოქაში გაქრნენ. ეროვნული პარკის ტერიტორია ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების საბინადრო, გამოსაზამთრებელ და მიგრაციისას შესასვენებელი ადგილია.
ამ პარკში შედის კოლხეთის დაბლობზე არსებული უნიკალური მდინარეები, ტყეები, ტორფნარი, ჭაობები და ქვიშიანი სანაპირო. ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ისინი გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ და გამოსაკვებ ტერიტორიას წარმოადგენს. კოლხეთის ეროვნული პარკი 1998 წელს დაარსდა ჭარბტენიანი ეკოსისტემის დასაცავად და აღსადგენად, რომელთა გამო 1996 წელს რამსარის კონვენციით საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭათ.

კოლხეთი მესამეული პერიოდის დენდროფლორის სახეობების ყველაზე მძლავრი რეფუგიუმია დასავლეთ ევროპაში. კოლხეთის რეფუგიუმს მთელი პლიოცენის და განსაკუთრებით, მეოთხეული პერიოდის გამყინვარების დროს თავი შეაფარეს და დღემდე მოაღწიეს მცენარეებმა, რომლებიც დასავლეთ ევრაზიის დანარჩენ ნაწილში გადაშენდა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მკვეთრად განსხვავებული ეკოსისტემებია განვითარებული, სადაც შემორჩენილია მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი მცენარეული დაჯგუფებები. მათ შორის არის 12 რელიქტური სახეობა, 8 კავკასიის და 23 კოლხეთის ენდემი.

 


ზღვის აკვატორია:

კოლხეთის ეროვნულ პარკთან მიმდებარე შავი ზღვის სანაპირო აკვატორია მოიცავს უმნიშვნელოდ დახრილ შელფს, რომელიც სანაპირო ხაზიდან დაახლოებით 6-8 კმ-მდე ვრცელდება. საზღვაო აკვატორიაზე გაბატონებულია დასავლური რუმბის ქარები და ტალღები, ზამთრობით შეინიშნება ჩრდილო-დასავლეთის ქარების მოქმედებაც. ზღვაზე ჭარბობს 1-3 ბალის, ხანდახან კი უფრო ძლიერი სიმძლავრის ღელვებიც. ტალღების მაქსიმალური სიღრმე 3-6 მეტრია. ძალზედ იშვიათად შეიძლება 8 მეტრსაც მიაღწიოს. ღია ზღვაში წყლის ზედაპირზე მარილიანობა 17-18 %-ია, დიდ მდინარეთა შესართავებთან – 3-9%.

ზღვისპირა ქვიშიანი დიუნები:
ქვიშიანი დიუნების მცენარეულობა შემორჩენილია პარკის ჩრდილო დასავლეთ ზღვისპირა ზოლში მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის შესართავებს შორის. დამლაშებულ ქვიშიან სუბსტრატზე ხარობს თავისებური, ერთმანეთისაგან განსხვავებული ლიტორალური, ბოლქვიანი, ეფემერული, მრავალწლიანი ქსეროფიტული მცენარეები.

მდინარეები:
კოლხეთის ეროვნულ პარკში და მიმდებარე ტერიტორიებზე შერეული საზრდოობის წყალუხვი მდინარეები გაედინებიან. მათ შორის ზოგი ტრანზიტულია: სუფსა, რიონი, ხობისწყალი, ცივი, ტეხური, ენგური. ზოგი კი ადგილობრივი ჭაობებიდან იღებს სათავეს: მალთაყვა, დედაბერა, ცია, ცივა, ჭურია და სხვა.

ტბები:
ეროვნულ პარკში რამდენიმე ტბაა (პალიასტომი, იმნათი, ნაბადა და სხვა). ლაგუნური წარმოშობის პალიასტომის ტბის ზედაპირის ფართობი 18,2 კმ2-ია, მაქს. სიღრმე 3.2 მ. იგი ზღვის დონიდან 0.3 მეტრით დაბლა მდებარეობს. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით.
2005 წლიდან პალიასტომის ტბა ბუნების გლობალური ფონდის (GNF) მიერ მართული ცოცხალი ტბების (Living Lakes) საერთაშორისო ქსელის პროგრამაში არის შეტანილი.

 

 

კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus Hartwissiana)
საქართველოს ფლორის იშვიათი და უძველესი (რელიქტური) სახეობაა. ის 25 მეტრამდე სიმაღლის, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე ხეა. კოლხეთის ფოთლოვან ტყეში იზრდება დაჭაობებულ ნიადაგზე, გვხვდება ერთეული ძირების სახით ან პატარ-პატარა ჯგუფებად. მრავლდება თესლით (რკო) ან ვეგეტატიურად (ძირკვის ამონაყარი), 2-3 წელიწადში ერთხელ უხვად მსხმოიარობს. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კოლხური მუხა ძირითადად გვხვდება მდინარე ფიჩორის ხეობაში. შესაძლებელია მუხის ნაყოფის-რკოს შეგროვება შემოდგომაზე და სახლის პირობებში თიხნარ ნიადაგში მისი ჩათესვა. (შესაძლებელია ჩაითესოს სპეციალურ ჭურჭელში და მერე მოხდეს ნიადაგში გადატანა).

 

სერვისები: – სანაოსნო ტურები: პონტონის ტური, კაიაკის ტური, კატერის ტური;
ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები, „თოკების პარკი“, ფრინველებზე
დაკვირვება.
დაშვებულია სპორტული თევზჭერა.
პარკში ფუნქციონირებს 3 ძირითადი და 1 დამხმარე მარშრუტი: პალიასტომის ტბა,
პალიასტომი-ფიჩორი, მდ. ჭურიის ხეობა და ოქროს ტბის დამხმარე მარშრუტი.
კოლხეთის ეროვნულ პარკში მოხვედრა ვიზიტორს 2 დამოუკიდებელი ლოკაციიდან
შეუძლია:
1. ქ. ფოთის ვიზიტორთა ცენტრიდან – პალიასტომის ტბის, პალიასტომი-ფიჩორისა
და ოქროს ტბის მარშრუტები;
2. ზუგდიდიდან 50 კმ დაშორებით – მდ. ჭურიის ხეობა.
ვიზიტორთა ცენტრიდან შესაძლებელია შემდეგი ტურების ორგანიზება:
• 2, 4 და 5 ადგილიანი მოტორიანი ნავების ტური პალიასტომის ტბასა და მდ.
ფიჩორის ხეობაში;
• 10, 15 და 20 ადგილიანი პანტონების (დიდი ზომის მოტორიანი ნავი) ტური
პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში;
• 2ადგილიანი კაიაკის, 3ადგილიანი ნიჩბიანი ნავისა და 4ადგილიანი წყლის
ველოსიპედის ტური ოქროს ტბაზე.
ასევე შესაძლებელია ღამისთევა ვიზიტორთა ცენტრის შენობაში არსებულ სასტუმრო
ნომრებში, ეზოში მდებარე კოტეჯებსა და მდ. ფიჩორის 4ადგილიან კოტეჯში.

 

ზუგდიდიდან 50 კმ დაშორებით, მდ. ჭურიის ნაპირას შესაძლებელია შემდეგი
მომსახურებებით სარგებლობა:
• ღამისთევა ჭურიის ტურისტულ თავშესაფარში;
• ღამისთევა ჭურიის ტურისტული თავშესაფრის ეზოში არსებულ საკარვე
ადგილებში;
• კარვის ქირაობა;
• თოკების პარკის ატრაქცია;
• მოკლე მარშრუტი მდ. ჭურიის ხეობაში პანტონით (თოკების პარკისთვის);
• მოკლე მარშრუტი მდ. ჭურიის ხეობაში მცირე ზომის მოტორიანი ნავით (თოკების
პარკისთვის);

• მდ. ჭურიის ეკო-ტურისტული მარშრუტი მცირე ზომის მოტორიანი ნავით
(3ადგილიანი);
• მდ. ჭურიის ეკო-ტურისტული მარშრუტი პანტონით (14ადგილიანი);
• კაიაკის (2ადგილიანი) ტური;
• ნიჩბიანი ნავის (3ადგილიანი) ტური.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად (გარდა
ძლიერი ქარისა და წვიმის), წინასწარი ჯავშნის საფუძველზე.

     

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტურისტული მომსახურების ტარიფები:
კარავი – 1 დღე – 10 ლარი
საკარვე ადგილი (ჭურია) – 1 ადამიანი/1 დღე – 5 ლარი
პანტონი – ტური მდ. ჭურიაზე – ხანგრძლივობა 2 სთ/14 კაცზე – 250 ლარი
კაიაკი – მდ. ჭურიაზე – 1 სთ – 15 ლარი
ნიჩბიანი ნავით გასვლა მდ. ჭურიის ხეობაში – ხანგრძლივობა 1 სთ / 1-3 კაცზე – 20 ლარი
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში – 1 ადამიანი/1 დღე – 15 ლარი
ღამისთევა მდ. ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში – 1 დღე – 120 ლარი
ჭოგრიტი – 1 დღე – 10 ლარი
ტური კატერით მდ. ჭურიაზე – ხანგრძლივობა 2 სთ/ 1-3 კაცზე – 120 ლარი
საპიკნიკე ადგილი (ჭურია) – 1 დღე – 30 ლარი
თოკების პარკი (მარშუტი მოზრდილებისთვის) – 1 ადამიანი – 20 ლარი
თოკების პარკი (მარშუტი საოჯახო) – 1 ადამიანი – 15 ლარი
პანტონი – მოკლე მარშრუტი მდ. ჭურიაზე (თოკების პარკისთვის) – 1/14 ადამიანზე – 150 ლარი
კატერი – მოკლე მარშრუტი მდ. ჭურიაზე (თოკების პარკისთვის) – 1/3 ადამიანზე – 50 ლარი

 

 

 

ტურისტული მომსახურების ტარიფები:

პალიასტომი-ფიჩორი
გასეირნება პანტონით 2 სთ 30 წთ
1. მარშრუტი „პალიასტომი-ფიჩორი“ 1-10 ადამიანი – 370 ლარი

2. მარშრუტი „პალიასტომი-ფიჩორი“ 1-15 ადამიანი – 420 ლარი

3. მარშრუტი „ პალიასტომი-ფიჩორი“ 1-20 ადამიანი – 500 ლარი

კატერით გასეირნება 1 სთ 30 წთ

1. მარშრუტი „პალიასტომი-ფიჩორი“ 1-2 ადამიანი – 150 ლარი

2. მარშრუტი „პალიასტომი-ფიჩორი“ 1-4 ადამიანი – 200 ლარი

3. მარშრუტი „პალიასტომი-ფიჩორი“ 1-5 ადამიანი – 250 ლარი

ტურში შედის ორი გაჩერება: მდინარე ფიჩორის ხეობაში და
ფრინველებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილ კოშკურაზე.
შენიშვნა: აღნიშნული ტარიფები შეიძლება შეიცვალოს დროის
გახანგრძლივების შემთხვევაში !

პატარა პალიასტომი:
პანტონით გასეირნება 2 სთ
1. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-10 ადამიანი – 300 ლარი

2. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-15 ადამიანი – 320 ლარი

3. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-20 ადამიანი – 350 ლარი

კატერით გასეირნება 1 სთ
1. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-2 ადამიანი – 120 ლარი

2. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-4 ადამიანი – 150 ლარი

3. მარშრუტი „ პალიასტომის ტბა“ 1-5 ადამიანი – 200 ლარი

ტურში შედის 2 გაჩერება ფრინველებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილ კოშკურებზე პატარა პალიასტომსა და მდინარე ფიჩორის შესასვლელში.
შენიშვნა: აღნიშნული ტარიფები იცვლება დროის გახანგრძლივების შემთხვევაში !

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას:
ტელ.: +995 591 96 87 85;
ელ-ფოსტა: nina_gujabidze@yahoo.com
facebook:  https://bit.ly/3hobIWw