1996 წელს საქართველო შეუერთდა რამსარის კონვეციას – “საერთაშორისო მიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ”, რის საფუძველზეც კოლხეთის ეროვნული პარკის მსოფლიო მნიშვნელობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დონეზე.
კოლხეთის ჭაობებში, დაჭაობებულ ტყეებში, მდინარეების, ტბებისა და შავი ზღვის სანაპიროზე გადის აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გზა.
ფრინველების ნახვა პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი. აქ არა მხოლოდ მობუდარ, არამედ შორეული მოგზაურობისთვის დაძრულ ფრინველთა უზარმაზარ გუნდებსაც შეხვდებით. ეს ფრინველები, მიუყვებიან რა კავკასიონის ქედს ან შავი ზღვის სანაპიროს, გზად აქ ისვენებენ და იკვებებიან. წყლის სარკისებრი ზედაპირი მელოტებით, კოკონებით, ჩვამებითა და სხვადასხვა სახეობის იხვებითაა გადატვირთული.
პარკში აღრიცხულია 200-მდე სახეობის ფრინველი. მათ შორის მობინადრეა – 62 სახეობა, მიმომფრენია – 76, ხოლო მოზამთრეა – 56 სახეობა. აღნიშნული სახეობები მიეკუთვნებიან წეროსნაირთა, ყარყატისნაირთა, მეჭვავიასნაირთა, ქათმისნაირთა, ბატისნაირთა და სხვათა რიგებს.
კოლხური ხოხობი
კოლხური ხოხობი კოლხეთის ეროვნული პარკის სიმბოლო და სიამაყეა. უძველეს დროში კოლხური ხოხობი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ფაზისის (დღევანდელი რიონი) ხეობაში. ლეგენდის თანახმად, არგონავტებმა ,,ოქროს საწმისსა” და მედეასთან ერთად, ელადაში კოლხეთიდან წაიყვანეს ხოხობიც, საიდანაც შემდგომ ის მთელს ევროპაში გავრცელდა.
ხოხბის მეცნიერული სახელი აშკარად მიუთითებს მის ადგილობრივ წარმოშობაზე. სიტყვა Phasianus წარმოიქმნა მდ. ფაზისიდან (რაც მდ. რიონის ბერძნული სახელწოდებაა); ხოხბის სახეობის განმსაზღვრელი სიტყვა “Colchikus” კი ნიშნავს, რომ იგი კოლხეთის ტერიტორიიდან წამოვიდა.
კოლხური ხოხობი ბინადრობს მცენარეულობით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობზე, ზღვის დონიდან 800 მეტრამდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ – 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი, რომელიც ცუდად დაფრინავს, საშიშროების შემთხვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, ასევე მწერებით. მამალს დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს და აქვს ლამაზი გრძელი ბოლო. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია და აქვს კარგად განვითარებული ფეხები.
გედი
გედი მონოგამური ფრინველია – ერთ პარტნიორს უწყვილდება და მთელ ცხოვრებას მასთან ერთად ატარებს. სისინა (Cygnus olor) და მყივანი (Cygnus cygnus) გედები ზაფხულობით დასავლეთ ციმბირში ბუდობენ და ბარტყობენ. აცივებასთან ერთად გედების ოჯახი შავი, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროთა გავლით სამხრეთისაკენ მიემართება გამოსაზამთრებლად. გედები კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ყვინთავენ. მდედრი დებს 5-7 კვერცხს და 35-40 დღე კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებითა და წყლის უხერხემლო ცხოველებით. სისინა გედს გაღიზიანებისას აქვს სისინა ხმა, რის გამოც მიიღო მან ეს სახელწოდება. მოზრდილი გედები ხუთი თვის ასაკიდან იწყებენ ფრენას.
ეს მოხდენილი ფრინველი კოლხეთის ჭაობებსა და წყალმარჩხ ტბებში ზამთრობით გვხვდება, ხანდახან რამდენიმე ინდივიდი მთელი წლითაც რჩება.
ვარხვი
ზამთრობით, კოლხეთის ეროვნული პარკის მდორე მდინარეებსა და პალიასტომის ტბაზე ხშირად წააწყდებით დიდი ზომის ქოჩორა ვარხვს, რომლის შლილი ფრთების დიამეტრი 3 მ-ს აღწევს. იგი თევზით იკვებება, ფრინველები ჯგუფურად ნადირობენ, მსხვერპლს კუთხეში მოიმწყვდევენ და შემდეგ ნისკარტის ქვედა მხარეს ჩამოგრძელებულ ერთგვარ ტომარაში აქცევენ. ვარხვი კარგად ცურავს, მაგრამ პნევმატური ძვლების და განვითარებული კანქვეშა საჰაერო პარკების გამო ვერ ყვინთავს. ბარტყები შიშვლები იჩეკებიან, მაგრამ ერთ კვირაში იფარებიან თეთრი ბუმბულით და 12 კვირის შემდეგ ფრენას იწყებენ.